კორონავირუსისგან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა


ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს. მათ გუშინ უარყოფითი ტესტები ჩაუტარდათ. ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენრტში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა, არასრულწლოვანია. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები