დახურეს ობიექტი, სადაც 600-მდე პირი მუშაობდა - ნაწილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება


დეკრეტის საფუძველზე თბილისში დაიხურა ობიექტი, სადაც 600-მდე თანამშრომელი მუშაობდა. ამის თაობაზე საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას.

ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.

შესაბამი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები