ამირან გამყრელიძე: უკვე ვფიქრობთ, რომ დაგორებული თოვლის გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა


კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ერთი კლასტერია, დამატებითი დეტალები კი ჯერ უცნობია, რადგან ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ეს 5 ადამიანი გუშინ დადასტურებული ერთი შემთხვევის კონტაქტია.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ჯერ ვერ დააზუსტებს არიან თუ არა ისინი ერთი ოჯახიდან, რადგან კვლევა მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძემ ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სამი ადამიანის ინფიცირების წყაროს დადგენა უჭირთ.

„სამ შემთხვევაში გვიჭირს პირველწყაროზე გასვლა, რითაც ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს უკვე იმ გარემოებასთან, როდესაც ჯაჭვისებურად უკვე, დაგორებული თოვლის გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა - როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც დადიან საზოგადოებაში; აქვთ გარკვეული სიმპტომები და არ იციან, რომ გადამდებები არიან. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ასეთ შემთხვევებთან გვქონდეს საქმე, თუმცა რა თქმა უნდა, მათი კონტაქტების ძიება გრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, უკვე გამოკვეთილია 110 კონტაქტი და ჯერ უცნობია, დაადგენენ თუ არა პირველწყაროს და არც ამ 110-ში აღმოჩნდეს პირველწყარო.

„არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კვირის შემდეგ იყოს კრიტიკული ფაზა, როდესაც შეიძლება სერიოზული მატება იყოს შემთხვევების. ამიტომ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობა, არ გვაქვს საქმე სახუმაროდ და ქუჩებში სასეირნოდ. ვისხდეთ სახლში. ამაზე უკეთესი იარაღი ჯერჯერობით არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები