რა უწყობს ხელს ოსტეოპოროზის განვითარებას


ოსტეოპოროზი არის ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებით მიმდინარე დაავადება, რაც ზრდის მოტეხილობების რისკს უმნიშვნელო ტრავმის შემთხვევაშიც კი. ის წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ხშირად სწორედ უეცრად, უმნიშვნელო ტრავმვისას აღმოცენებული მოტეხილობით ვლინდება. უხშირესად მოტეხილობა აღმოცენდება მაჯის, ბარძაყის, ხერხემლის მალების არეში.

ოსტეოპოროზის აღმოცენებას წლების განმავლობაში წინ უსწრებს ოსტეოპენია. ეს არის მდგომარეობა, როცა ძვლის მინერალური სიმკვრივე ასაკისათვის შესაბამისთან შედარებით დაქვეითებულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ოსტეოპოროზად კვალიფიცირდეს. ოსტეოპენია ყოველთვის არ პროგრესირებს ოსტეოპოროზამდე.

ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება დაბერების თანმხლები მოვლენაა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ის ადრევე უვითარდება. ძვლის მინერალური სიმკვრივის კლება სწრაფად უვითარდებათ ქალებს მენოპაუზის პირველ წლებში. საზოგადოდ, მამაკაცებთან შედარებით ქალებს ოსტეოპოროზის უფრო მაღალი რისკი აქვთ, განსაკუთრებით ნაადრევი მენოპაუზის (45 წელზე ადრე) ან ოპერაციულად საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ.

ოსტეოპოროზის რისკს ზრდის:
  • სტეროიდული ჰორმონების მაღალი დოზით მიღება 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
  • სხვადასხვა დაავადება – ანთებითი, ჰორმონული დარღვევები, მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა);
  • ოსტეოპოროზის ოჯახური ისტორია;
  • ანორექსია, სხეულის დაბალი წონა;
  • უმოძრაობა;
  • მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება.


მკურნალობა და პროფილაქტიკა

ოსტეოპოროზის დიაგნოზი დასტურდება დუალ ენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრიით. მკურნალობა ეფუძნება ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პრეპერატების გამოყენებას.

ოსტეოპოროზის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია:

რეგულარული ვარჯიში;
ჯანსაღი კვება, საკვებში კალციუმისა და დ ვიტამინის სათანადო რაოდენობა (რძისა და მისი პროდუქტების მიღება);
მოწევისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებისთვის თავის დანებება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები