პატარძალმა გვირგვინი, ფატა მოიხსნა და სიძე შუა ქორწილიდან მიატოვა. ყველა დადუმდა… – გარდენიაში წარმოუდგენელი რამ მოხდა


ცნობილი მებაღე, “გარდენიას” დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე, რომელიც თავის ულამაზეს ბაღში საოცარ ქორწილებს მართავს, ამჯერად, სოციალურ ქსელში უცნაურ ისტორიას გვიზიარებს.

შევარდნაძე ერთ-ერთ ქორწილს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ისეთი ისტორია გადახდა, რომლის მსგავსი მხოლოდ ფილმებში თუ უნახავს.
“მსგავსი ამბავი მარტო კინოში თუ მინახავს, მგონი იქაც არა..

ჯერ გაზაფხული იყო. ახალგაზრდა, ლამაზი წყვილი მოვიდა ბაღში საქორწილო წვეულების პირობების შესატყობად. ვისაუბრეთ, გავიგე მათი სურვილები, მოთხოვნები, რა და როგორ წარმოედგინათ. შემდეგ შეხვედრაზე მშობლები მოიყვანეს, შევთანხმდით, დავგეგმეთ, ავეწყვეთ. სექტემბერში დავჯავშნეთ შაბათი დღე, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, მშობლებმა გადაიხადეს ყველაფერი.

მას შემდეგ შეყვარებულ წყვილს სამჯერ კიდევ შევხვდით, ყვავილის ფერი, გირლიანდის ფორმა, მუსიკალური პროგრამა, შუშხუნები ტორტის გაჭრისას, მენიუს დეტალები, განათება, გახმოვანება, საქორწილო ფოტოსესიის წვრილმანები, ფოტაგადაღებისთვის გვირგვინის და თაგულის ზომა და ფერიც კი შევათანხმეთ. ღვინო კახელმა ბიძამ ითავა საკუთარი მარნიდან. უშველებელი, ლამაზი ჟოლოს ტორტი თავად დაუკვეთეს ცნობილ მცხობელს.

დადგა ნანატრი დღე, 80 სტუმარი ბიჭის მხრიდან, ცოტა ნაკლები გოგოს მხრიდან. გავშალეთ, მოვფურჩქნეთ, მოვაკრუჭუნეთ.. უკრავს ფონური მუსიკა, ბენდი მზადაა, ფოტოგრაფები მზად არიან, სამზარეულო სრულ მზადყოფნაშია, ელავს ბროლის ჭურჭელი, ყვავილი ბრდღვიალებს, ხელის მოწერის საცერემონიოდ სივრცე გაფუშფუშებულია, ლიმონისფერი ყვავილი ჭარბობს, ასე ისურვეს.. მობრძანდნენ სტუმრები, მიმტანები მიეგებნენ ლანგრებზე ჩაცივებული შუშხუნა ღვინით. მოაქვთ და ერთ კუთხეში აგროვებენ საჩუქრებს. მეფე პატარძალი იგვიანებს. 18 საათზე ვიყავით შეთანხმებულები რომ მოვლენ ჯვრისწერიდან. გახდა 7 საათი, მზარეულები ბობოქრობენ, რას ვიზამთ ხდება ხოლმე..

გახდა რვისნახევარი, აჩოჩქოლდნენ სტუმრები, მოვიდნენ, მოვიდნენ… როიალთან დაჯდა მუსიკოსი, მოემზადნენ მევიოლინეები, არ შემოდიან… დაბნელდასავით, ავანთეთ ჭაღები. უცნაური დაძაბულობაა, გამოჩნდა სიძე, შემოეხვივნენ. პატარძალი არ შემოდის, ბაღის შემოსასვლელში ზის სალაროს ოთახში. მიაკითხეს, არის გნიასი, არ შემოდის, არ შემოდის. სიძე ხან სტუმრებთან მოდის, ხან პატარძალთან გარბის. ღელავს დედა, სადედამთილო იღრინება, ვერაფრით არწმუნებენ, რომ შემოვიდეს.

აღარაა საშველი, ჩავერიე, მივაკითხე, მოვეფერე, შევაქე, ვთხოვე მარიამ, გელოდებით მობრძანდით, უხერხულია ისე , ასე, ვერაფერი, სიტყვასაც არ ძრავს.. სიძემ რა ქნას აღარ იცის, ვერაფერს ვშველით.. არ გასულა ოცი წუთი პატარძალს მოაკითხა გამოძახებულმა მანქანამ, შემოგვიბრუნდა, უმისამართოდ თქვა: ბებია მომენატრა, ქუთაისში მივდივარ, არ გაბედოს ვინმემ დამედევნოს ან იქ ჩამომაკითხოსო, გვირგვინი და ფატა მოიხსნა, ბუჩქზე მიაკიდა და წავიდა..

არასდროს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, ყველა დაიბნა, დადუმდა.. ვერავინ ვერც ვერაფერი ქნა ვერც ვერაფერი თქვა. ლუკმა რაა ის არავის აუღია, ჭიქა წყალი რაა ისიც არავის დაულევია. როდის წავიდა სტუმრები ჩუმად, უსიტყვოდ დარცხვენილი ვერ გავიგეთ, დავრჩით გაოცებული, დაზაფრული.

ქალბატონმა ნინომ, რომელიც რიტუალების სასახლიდან მოდის ხოლმე ცერემონიის ჩასატარებლად თქვა: ოცდაათი წელია ქორწინების სასახლეში ვმუშაობ, რაღა არ მინახავს, რას არ შევსწრებივარ, არაკებად შემიძლია გიმბოთ მაგრამ ასეთი არაფერი შემხვედრიაო. არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ, რამდენიმე დღე გავიდა და მაინც ვერაფერს ვამბობ. ყველაფერი ხდება.

პურმარილი მოხუცთა თავშესაფარში მივიტანეთ გვიან ღამით, დიდი ყუთებით,” – წერს ზურა შევარდნაძე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები